გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
ძველი თბილისის სადარბაზოები
ქალაქი, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ძველი თბილისის ქუჩებს თუ გაუყვებით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ისტორიას ყველაზე ახლოს შეიცნობთ. ამ გზებზე სიარულისას ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს შენობები თავად გესაუბრებიან, ქუჩების სახელები კი გიყვებიან, რომ ამ ადგილებში გამოჩენილი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და საქართველოს კულტურას ქმნიდნენ. შეგრძნება, რომ ამ პერიოდს კიდევ უფრო მეტად უახლოვდებით, სხვადასხვა ძველი შენობების სადარბაზოებში გაგიმძაფრდებათ, რომელიც დაუფარავად გადმოსცემს იმ დროის არქიტექტურულ და სახელოვნებო მიღწევებს.
სადარბაზოები, როგორც ასეთი, თბილისში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და აივნებიანი შესასვლელები ეტაპობრივად ჩაანაცვლა. ტენდენცია განსაკუთრებით გამოიხატა საზოგადოების იმ ფენაში, რომელიც ევროპულ კულტურას ეზიარა და დასავლური ცხოვრება მათი შთაგონების წყარო გახდა. გარდა ამისა, მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოები, რომელსაც იმ დროს ცნობილი ადგილობრივი და უცხოელი მხატვრები ალამაზებდნენ, მაცხოვრებლების წარმოსადეგობას უსვამდა ხაზს
გ. ტაბიძის ქუჩა
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადარბაზო გ.ტაბიძის #18-ში მდებარეობს. გარდა სილამაზისა, ამ შენობას მისი ისტორიაც გამოარჩევს. მეოცე საუკუნეში აქ ძმები სეილანოვები, სომეხი ფინანსისტები ცხოვრობდნენ, რომლებსაც მთელი თბილისი იცნობდა. ისინი თამბაქოს აწარმოებდნენ და როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ქველმოქმედებითაც იყვნენ დაკავებულნი. ტიფლისში ძმებ სეილანოვებს ბიზნეს საქმიანობის გარდა, კიდევ ერთი რამ გამოარჩევდათ — შესაშურად მოხატული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.
გალაკტიონ ტაბიძის #18-ში მდებარე სახლი იმ დროს კარგად ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ბენო ტელინგატერმა მოხატა, რაც თბილისში დიდი მოვლენა იყო. სადარბაზოში ფეხს რომ შედგამთ, მაშინვე შეამჩნევთ შთამბეჭდავ ნახატებს. ბენო ტელინგატერს სხვადასხვა კონტინენტებისთვის დამახასიათებელი კულტურული ელემენტები მოუხატავს, რაც მისი ხედვის გლობალურობასა და იმ დროინდელი ქართველების ღიაობაზე უნდა მეტყველებდეს. სადარბაზოში გამოყენებულია დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმის და ბაროკოს მოტივები კი შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან.
ასათიანის ქუჩა
ძველ თბილისში სეირნობისას აუცილებლად მოხვდებით ასათიანის ქუჩის #58-შიც და დაინახავთ თბილისური სადარბაზოების ტიპურ და გამორჩეულ ნიმუშს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტილითა და ნახატებით. ნიმუშები ბუნებრივი საღებავებითაა შესრულებული, თუმცა ზოგჯერ ზეთით ნახატიც გვხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ სადარბაზოს თავისი ძველი იერსახე შენარჩუნებული აქვს და მეცხრამეტე საუკუნის ესთეტიკა იკითხება, მაინც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული კედლები, ხოლო ფიგურული კომპოზიციები გადაღებილია და მათი შემჩნევა საკმაოდ რთულია. ამას ემატება მოუწესრიგებლად გაყვანილი ელექტრო გაყვანილობები, გაშპაკლულიუ კედლები და სხვადასხვა ურბანული მინაწერები. საოცარია, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, სადარბაზოში შესვლისთანავე ცხადად აღიქვამთ იმ დროინდელი თბილისის ყოფას, რომელიც ევროპულ კულტურას სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქიქოძის ქუჩის #9-ში მდებარეობს, რომელსაც ყველა დანარჩენისგან ულამაზესი შიდა კიბე და მოხატული ჭერი გამოარჩევს. ასეთი კიბე მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ სახლებში იყო პოპულარული, თუმცა მისი გადმოტანა ქართულ რეალობაში მეოცე საუკუნეში განხორციელდა. საინტერესოა, რომ შენობა საბჭოთა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დააზიანა, რადგან გადაღება კედლის მხატვრობა და ფაქტრობრივად გააქრო მისი კვალი. მათ არც უცდიათ, რომ ის უნიკალური ნამუშევრები შეენარჩუნებინათ. სამაგიეროდ შემორჩა ჭერზე დახატული ორნამენტები, თუმცა ისინიც დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ამავე შენობის კარი ცალკე ყურადღების ღირსია, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის ესთეტიკა და არქიტექტურული მიდგომა იკვეთება.
ქიქოძის ქუჩა
ძველ თბილისში კიდევ ბევრი რამ არის სანახავი და შესასწავლი. მისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩები, ძველებური სახლები და ურბანული კულტურა უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ხოლო ემოციები კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც ძველ თბილისს შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებთ. ასეთ დროს შეიძლება მოკალათდეთ რომელიმე სასურველ რესტორანში, დატკბეთ თბილისის ხედებით და თქვენს მეგობრებთან ან პარტნიორებთან ერთად, სამომავლო გეგმები განიხილოთ ან უბრალოდ განიტვირთოთ.
ტაბიძის 18 კიბე