გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
კონსიერჟ-გოგოები მომავლის ხედვით
ცხოვრების ტემპის, საქმისადმი დამოკიდებულების, შესრულებული პროექტებისა და გეგმების გამო, მათ მომავლის გოგოები დავარქვით.
წლევანდელი წელი "სითისთვის" საიუბილეოა. ათი წლის გავხდით და განვლილი წლების მუშაობას ვაჯამებთ. ვუყურებთ ჩვენს ძველ ნომრებს, ოდნავ სიძველეშეპარულ კადრებს და ნოსტალგიურად ვიხსენებთ ყველა ღონისძიებასა თუ პროექტს. ამ ხნის განმავლობაში, არაერთ კომპანიასთან გადაკვეთილა ჩვენი საქმიანი თუ მეგობრული გზები. მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებულია "კონსიერჟ თბილისი", რომელსაც "კონსიერჟის გოგოებსაც" უწოდებენ. მე კი, ცხოვრების ტემპის, საქმისადმი დამოკიდებულების, შესრულებული პროექტებისა და გეგმების გამო, მათ მომავლის გოგოები დავარქვი.
"სითის" და "კონსიერჟ თბილისის" საქმიანი ურთიერთობის ანგარიშზე ორი წარმატებული ღონისძიებაა. მათთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრაც საკმარისია, რომ სრულად დამშვიდდე და დარწმუნებული იყო, რომ შენი ჩანაფიქრი ზუსტად, ან იმაზე კარგად შესრულდება, ვიდრე წარმოგიდგენია.
მე ნებისმიერი ღონისძიების წინ ვღელავ. იმაზე მეტადაც, ვიდრე ობიექტურად საჭიროა. სწორედ ამ ჩვეული ემოციებით იყო გაჯერებული "სითის" და "კოსნიერჟ თბილისის" პირველი შეხვედრა. თუმცა მივხვდი, რომ სრულიად უსაფუძვლოდ. ძალიან მშვიდი ლიზი და ნინო "სითის" გუნდისგან ისმენდნენ სურვილებს. შემდეგ, გვითხრეს რა აჯობებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიგეგმა და ასეთივე სიმშვიდით, უშეცდომოდ განხორციელდა.
სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის, არაერთი ღონისძიების, მოზიდული ინვესტიციისა და უამრავი კმაყოფილი და ბედნიერი პარტნიორის მიღმა დგას "კონსიერჟ თბილისის" გუნდი. ახალგაზრდა გოგოები, შესანიშნავი გარეგნობით და გამჭრიახი გონებით. ღონისძიების დროს ისეთ ფორმაში არიან, თავადაც სტუმრები გეგონებათ. არიან ძალიან კარგი დედები, აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში, ხშირად ურეკავენ ძიძებს და ამოწმებენ შვილების რაციონსა და ძილის რეჟიმს. მოკლედ, ამდენს იმიტომ გიყვებით მათზე, რომ მე თვითონ ვარ მოხიბლული "კონსიერჟ გოგოებით", რომლებმაც ჩემში არსებული, სადღაც მიძინებული ენერგია გააღვიძეს და კიდევ უფრო მეტად დამაფიქრეს ახალ პროექტებსა და ჯერ განუხორციელებელ, ცოტათი არარიალისტურ იდეებზე. როგორ და რატომ? პასუხს ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თავად იპოვით.
ლიზი ხაბაზაშვილი, "კონსიერჟ თბილისის" დამფუძნებელი
- რასაც ახლა ვაკეთებ, ძალიან ჰგავს ჩემს ძველ საქმიანობას, როცა ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოში ვმუშაობდი. სულ მქონდა ურთიერთობა უცხოელებთან, ინვესტორებთან, ვხვდებოდით დელეგაციებს, ვგეგმავდით ბიზნესფორუმებს, ვეკონტაქტებოდი ძალიან ბევრ ადამიანს. ეს იყო საოცარი სკოლა. ამ გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ მაინტერესებდა ბიზნესი და გადავწყვიტე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით სწავლა კვიპროსზე გამეგრძელებინა. დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა მეკეთებინა ჩემი საქმე და ასე გაჩნდა "კონსიერჟ თბილისის" დაარსების იდეა.
მოგზაურობის დროს, სასტუმროში ვაკვირდებოდი ადამიანს, რომელიც მუდმივად ყველა სტუმრის გვერდით იყო და ყველას სურვილებს ასრულებდა. მოგვიანებით ვნახე, რომ არსებობს კომპანიები, რომლებიც ასეთ მომსახურებას ახორციელებენ. მათი ფუნქციაა, შექმნან განსაკუთრებული ემოცია და გამოცდილება, რაც ადამიანს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. როდესაც ამ თემაზე ვიწყებ საუბარს, სულ მახსენდება ფილმი "ლამაზმანი" და პირველი კადრი, თუ როგორ ხვდება ჯულია რობერტსის გმირს - ვივიენს, კონსიერჟი სასტუმროში.
თავდაპირველად სულ მარტო ვიყავი. მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩემი იდეა გავუზიარე. "კონსიერჟ თბილისის" სრული დატვირთვით ამუშავება უკავშირდება ნინო სხირტლაძესთან შეხვედრას. მე და ნინო ეკონომიკის სამინისტროში ერთად ვმუშაობდით. ამიტომ, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანება არ გაგვიჭირდა.
ნინო სხირტლაძე, "კონსიერჟ თბილისის" აღმასრულებელი დირექტორი, პარტნიორი
- ამბობენ, რომ ქალებს ბიზნესიდეები დეკრეტული შვებულების დროს ებადებათ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ოთხი თვის გასული ვიყავი დეკრეტში. ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის და ამ დროს გამოჩნდა ლიზიც, რომელიც გახდა ბიძგი, მეპოვა ჩემი თავი იმ საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარდა. თავდაპირველად, "კონსიერჟ თბილისის" საქმეებში დისტანციურად ვიყავი ჩართული და შედარებით პატარა პროექტებს ვაკეთებდი. თუმცა, ვხვდებოდი მთავარს, რომ ეს არ იყო ერთჯერადი. ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ამ საქმისადმი და ვიცოდი, ეს კომპანია მოგვცემდა შესაძლებლობას მონაწილეობა მიგვეღო ქვეყნისათვის სტრატეგიულ პროექტებში როგორიცაა: Startup Grind თბილისი, 1700 კაციანი ღონისძიება, რომელიც წარმატებით ჩავატარეთ და ქვეყნის ეკოსისტემის განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ.
ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დროს იმდენი რამ ვისწავლეთ ეკონომიკაზე, რომ ყველა აღგვიქვამდა როგორც გოგოებს, რომლებიც ეხმარებიან ბიზნესს. ბოლოს ვთქვით, - მოდი დავეხმაროთ ბიზნესს, მაგრამ ეს საქმე იყოს ჩვენთვისაც მომგებიანი. ეს სურვილი ამოძრავებს ჩვენს ყველა კონტრაქტს. მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვართ, გვაქვს ამბიცია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
სწორედ ამ ხედვით ჩამოყალიბდა "კონსიერჟ თბილისი". მისი ლოგო გასაღების ფორმის არის, რომელიც კომპანიის კულტურას გამოხატავს. ეს არის გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს. "კონსიერჟ თბილისი" გეგმავს ღონისძიებებს, მოგზაურობებს, მაგრამ არასტანდარტულად. ეს გუნდი პასუხისმგებლობას იღებს შინაარსზე, რაც განსაკუთრებულს ხდის მათთან თანამშრომლობას. პირად ასისტენტობას გაგიწევენ, მაგრამ ესეც "კონსიერჟულად" დაიგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმოკლეს დროში მიიღებთ თქვენთვის საჭირო მომსახურებას და დრო დაგრჩებათ გართობისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახისთვის. ალბათ, ახლა მისიე გუსტავი გახსენდებათ "გრანდ ბუდაპეშტიდან". ნინოს ინსპირაციის წყარო სწორედ ეს პერსონაჟია. დიახ, ასეა - "კონსიერჟ თბილისი" თქვენი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე გახდება. ისინი იზრუნებენ როგორ შეიქმნათ სანაცნობო წრე საქართველოში, რა მიმართულებით წარმართოთ თქვენი ინვესტიცია და საღამოს სად გაერთოთ ისე, რომ ყველაფერმა ერთად დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოს.
ლიზი: კომპანიის კიდევ ერთი პარტნიორი, რუსკა ქურდოვანიძე, 2014 წელს გავიცანი. ის სტრატეგიული მიმართულებით მეხმარებოდა. ფინანსურ ნაწილს მიგეგმავდა, გზამკვლევი იყო ჩემთვის. მეუბნებოდა, - გასაგებია, გაქვს იდეები, ხარ ანტერპრენერი, მაგრამ ციფრები მნიშვნელოვანიაო. სწორედ რუსკა მაბრუნებდა რეალობაში. აღმოჩნდა, რომ წარმატებულად მაბრუნებდა იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ერთდროულად ფრთების გაშლა არ იქნებოდა გამართლებული. დღეს, უკვე 10 კაციანი გუნდი ვართ და დიდ ღონისძიებებზე კიდევ გვემატებიან თანამშრომლები.
ნინო: ბიზნესი ქორწინებას და ოჯახს ჰგავს. მე, ლიზის და რუსკას გაგვიმართლა. ძალიან იშვიათია სამი ამბიციური, განათლებული, დამოუკდიებელი ქალი ასე ერწყმოდეს ერთმანეთს და ასე ჰარმონიულად მართავდეს კომპანიას. ამ ჰარმონიულ თანამშრომლობას ნელ-ნელა ახალი თანამშრომლები ემატებიან. ნინო ლაშხი მარკეტინგს მიმართულებას ხელმძღვანელობს. ის ჩვენს გუნდს ერთი წლის წინ შემოუერთდა და ახალი ხედვა და შემართება შემოიტანა. ახალი წევრებიც ზუსტად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რაზეც დგას ჩვენი კომპანია. ნუცა ყანჩაველი არის კონსიერჟი. მასაც უკვე აკავშირებს განსაკუთრებული ემოციები ამ საქმესთან, რადგან რამდენიმე კონტრაქტორს კომპლექსური დავალებები შეუსრულა და თავის თავზე გამოსცადა კონსიერჟების მაგია და "ყოვლისშემძლეობა".
საამაყო პროექტი
ნინო: ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო Hugo Boss-ის მაღაზიის გახსნა. ამ შეთხვევაში შეხება გვქონდა შვეიცარიის მთავარ ოფისთან. ძალიან დახვეწილი გეგმა მივიღეთ მათგან და ამ სტრუქტურას მივყვებოდით. ღონისძიებაზე იყვნენ ინფლუენსერები. ეს კომპონენტი მანამდე ქართულ რეალობაში არასდროს გამოგვიყენებია. გადავკეტეთ ქუჩა, მოვაწყვეთ გარე პავილიონი და მივიღეთ ძალიან დასამახსოვრებელი დღე სტუმრებისთვის და დამკვეთისთვის.
ლიზი: ალბათ, "ვიმპელკომის" პროექტს გამოვყოფ, რომლის ფარგლებშიც კომპანიის 100 აღმასრულებელ დირექტორს ვუმასპინძლეთ და სამდღიანი დაუვიწყარი პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენს ჰოლანდიელ დამკვეთს ჩემი ნაქსოვი ჟაკეტი მოეწონა. 24 საათი მქონდა, რომ მისთვის ეს სურვილი შემესრულებინა. მოვაქსოვინე ჟაკეტი და აეროპორტში მივუტანე. ასე მითხრა - No is not an option - ჩემი საყვარელი გამოთქმაა და შენ კიდევ ერთხელ გაამართლეო. ეს ფრაზა ჩემი საქმის მამოძრავებელ ძალად იქცა. მგონია, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შენი საქმიანობის გამო ასეთ შეფასებას ისმენ. ვფიქრობ, რომ რასაც არ უნდა ემსახურებოდე, ყველაფრის საწყისი არის სიკეთე. არ შეიძლება წარმატებას მიაღწიო ვიღაცის დაჩაგვრით. ამიტომაც, ჩვენ გვჯერა, რომ სწორად გადადგმული ნაბიჯებით უფრო მეტს მიაღწევ. შესაძლოა უფრო მეტი გამოწვევა შეგხვდეს, მაგრამ ამ გზით მიღწეული წარმატება უფრო მყარია და სწორედ ამ პრინციპებზე ვაშენებთ ჩვენს კომპანიას, რომელსაც წინ დიდი გეგმები აქვს.
მე უკვე მაქვს ჩემი განსაკუთრებული ემოციები "კონსიერჟ თბილისთან" რამდენიმე შეხვედრის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ იდეის ჩამოყალიბების შესახებ რომ წაიკითხავთ, ემოციები თქვენც გაგიჩნდებათ და თუ ასეა, მიანდეთ ეს იდეები და თქვენი ცხოვრების სტილის მართვა პროფესიონალებს. ეს წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
კოსტიუმების დიზაინერი: Dalood
ჟურნალი "სითი" - City Magazine Georgia